თეგი: მულტიმოდალური ტერმინალი

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხარდაჭერის მაგალითია - ამერიკის საელჩო

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმის მულტიმოდალურ ტერმინალს სტუმრობდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა. ამერიკის საელჩოს განცხადებით, საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების შემოსვლისთვის მუშაობით შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. საელჩოს შეფასებით, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი ამ მხარდაჭერის მაგალითია და აჭარაში ყველაზე მსხვილ ამერიკულ ინვესტიციას წარმოადგენს. „ტერმინალში ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, როგორ უკვალავს მსგავსი ინვესტიციები გზას სხვა ამერიკულ ბიზნესებს, რომ დაინტერესდნენ ქართული ბაზრით და გამოიყენონ მისი სატრანსპორტო, ლოგისტიკური და კომერციული ჰაბის პოტენციალი“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გასული წლის ივნისში გაიხსნა. უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress -ის პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები. ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. წლის განმავლობაში ტერმინალს 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავება შეუძლია.

დავითაშვილი: მჯერა, რომ კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა

„ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში მზარდმა ტვირთბრუნვამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სიმძლავრეების გაზრდა, დერეფნის მონაწილე სუბიექტებს შორის მჭიდრო კოორდინაცია, მულტიმოდალური გადაზიდვების და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლება,“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ფოთში მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონიაზე განაცხადა. პროექტი ყაზახურ-ქართული პარტნიორობით ხორციელდება. ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრთან, მარატ კარაბაევთან ერთად დაესწრო, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. კარაბაევის თანმხლებ დელეგაციაში ყაზახეთის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ცერემონიის დაწყებამდე მინისტრებმა ნავთობის ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური, ანაკლიის პორტის ტერიტორია, ასევე ფოთის APM და PACE ტერმინალები დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ფოთში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის - შუა დერეფნის გაძლიერებას. „მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა დამატებითი ტვირთნაკადების მოსაზიდად,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ფოთში გამართული ღონისძიების დასრულების შემდეგ მინისტრები ახალქალაქში გაემგზავრნენ, სადაც ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სადგური დაათვალიერეს. ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ლევან დავითაშვილმა და მარატ კარაბაევმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, იმსჯელეს იმ გეგმაზე, რომელიც საქართველომ და ყაზახეთმა ერთობლივად შეადგინეს 2022 წელს, აქტაუში - აღნიშნული გეგმა გულისხმობს 2027 წლამდე ორივე ქვეყნის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და გამტარიანობის გასაზრდელად. საუბარი ასევე შეეხო ყაზახური მხარის აქტიურ მონაწილეობას აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში გაიმართება.